დიაკონია

საერთო მიმოხილვა

ეკლესიაში, ღვთის ნებით, არსებობს მსახურების საყოველთაო ვალდებულება და უფლება. ამასთან ერთად, ხორციელდება ასეთი მსახურების ფორმისა და ფუნქციების მაქსიმალურად შესაძლებელი დიფერენციაცია. უფლის მსახურების საშუალებები ღვთის ეკლესიაში მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ეკლესიის ერთ წევრს შეუძლია აღასრულოს ერთდროულად რამოდენიმე მსახურება.

დიაკონური მსახურების შესახებ გვასწავლის თავად წმიდა წერილი. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ეს მსახურება უძველესია და დაარსებულია პირველ სამოციქულო ეკლესიაში. საღვთო წერილი მოგვითხრობს როგორც კონკრეტულ დიაკონებზე, ასევე დიაკონების მსახურებაზე, როგორც ასეთზე.

სიტყვა დიაკონი წარმოდგება ბერძნული სიტყვისაგან – “დიაკონოს”, რაც ნიშნავს მსახურს. დიაკონი აღნიშნავს აგრეთვე დამხმარეს, შემწეს. ის არის ეკლესიის ხუცესის თანაშემწე.

რას აკეთებს დიაკონი

ქველმოქმედება დავალებული ჰქონდათ დიაკონებს. წმინდა პავლე რომაელთა მიმართ წერილში დიაკონიის ორ სახეობას ასახელებს: “თუ მოწყალების გამცემისა –უშურველად გაეცი… თუ ქველმოქმედისა – სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე”. (რომაელთა მიმართ თავი 12, მუხლი 8, საპატ. თარგმანი). უეჭველია, რომ აქ ლაპარაკი მიდის ეკლესიის საჯარო მსახურებებზე, ამიტომაც უნდა განვასხვავოთ დიაკონების ორი ნაირსახეობა. პირველს მიეკუთვნებიან დიაკონები, რომლებიც ანაწილებენ შესაწირავებს, ხოლო მეორეს – ისინი, რომლებიც ზრუნავენ ავადმყოფებსა და სხვა უძლურებზე.

მიუხედავად იმისა, რომ დიაკონიის ცნება ძალზედ ვრცელია, წმიდა წერილი, სიტყვის ვიწრო გაგებით, დიაკონებს უწოდებს მათ, რომლებიც ეკლესიის მიერ დადგენილნი არიან მოწყალების დარიგებასა და ღარიბებზე ზრუნვისათვის. დიაკონიის დაწესება და დიაკონების ვალდებულებები აღწერილია წმინდა ლუკას მიერ მოციქულთა საქმეებში. (მოციქულთა საქმეები თავი 6). მოციქულებმა, რომელთაც არ შეეძლოთ ერთდროულად ორი მსახურების – ქადაგებისა და ღარიბებზე ზრუნვის – გაწევა, უბრძანეს ღვთის ერს, აერჩიათ შვიდი ადამიანი, გამორჩეული მართალი ცხოვრებით, სულიწმიდით, სიბრძნითა და რწმენით აღსავსე, რომელნიც აიღებდნენ ამ ტვირთს.

უძველესი დროიდან დიაკონებს ავალებდნენ სახარების კითხვას, ღვთის ერის ლოცვისაკენ მოხმობას, მოწოდებას, აგრეთვე, ზიარების დროს სასმისის მიწოდებას მორწმუნეებისათვის.

როგორი უნდა იყოს დიაკონი:

ახალი აღთქმა აწესებს კონკრეტულ მოთხოვნებს დიაკონის მსახურების შესახებ (პირველი წერილი ტიმოთეს მიმართ 3 თავი). შეიძლება გამოვყოთ ამ მოთხოვნათა ოთხი ასპექტი.

I. დიაკონი და მისი პირადი თვისებები;

II. დიაკონი და ქრისტიანული დოქტრინა;

III. დიაკონი და ეკლესია;

IV. დიაკონი და მისი ოჯახი.

I. დიაკონი და პირადი თვისებები

წმ. წერილი დიაკონის პირად თვისებებში ოთხ კონკრეტულ თვისებას ადგენს:

დიაკონი უნდა იყოს (ბერძნული ტექსტის მიხედვით) “პატივდებული”, პატივისცემის ღირსი, სერიოზული;

დიაკონი უნდა იყოს “არა ორპირი”, რაც ნიშნავს არა ორი აზრის მქონეს, არა თვალთმაქცს, არა ორგულს ანუ ადამიანს – არა სიტყვის გამტეხს, არა ფლიდს;

დიაკონი უნდა იყოს “არა ღვინოს მიძალებული”;

დიაკონი უნდა იყოს “არა ანგარი”, ანუ ადამიანი, რომელიც პირადი სარგებლობის, გამორჩენის მიზნით არ მოქმედებს.

II. დიაკონი და ქრისტიანული დოქტრინა

რაც შეეხება დიაკონის დამოკიდებულებას ეკლესიის მოძღვრებასთან, ის უნდა იყოს ქრისტიანული რწმენის ანუ მოძღვრების შემნახველი წრფელი სინდისით. ეს ნიშნავს, რომ დიაკონს არა მხოლოდ უნდა სწამდეს და აღიარებდეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, არამედ რწმენის მიხედვითაც უნდა ცხოვრობდეს.

III. დიაკონი და ეკლესია

დიაკონი უნდა იყოს ეკლესიის მიერ გამოცდილი და მხოლოდ შემდეგ, თუ უმწიკვლო აღმოჩნდება, მიენდოს მას მსახურება.

IV. დიაკონი და მისი ოჯახი

დიაკონი, ხუცესის მსგავსად, უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი, შვილებისა და თავისი სახლის კარგი გამგებელი.

ასეთები იყვნენ დიაკონები მოციქულთა დროს. ასეთები უნდა იყვნენ ისინი ჩვენთანაც, პირველი ეკლესიის მაგალითისამებრ.

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სპეციალური ელ. ფოსტით. ჩვენ მოხარული ვიქნებით შეგეხმიანოთ და ღვთის მადლითა და შეწევნით აღმოგიჩინოთ დახმარება ჩვენი მსახურების ფარგლებში.

deacon@stecclesia.org