ეკლესიის მრწამსი

სამოციქულო სიმბოლო

მრწამს ღმერთი, მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა.

და იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, უფალი ჩვენი.

რომელი ჩასახულია სულისაგან წმიდისა და იშვა მარიამ ქალწულისაგან,

ივნო პონტოელი პილატეს ბრძანებით, ჯვარს ეცვა, მოკვდა და დაეფლა,

ჯოჯოხეთს შთავიდა, მესამესა დღესა აღსდგა მკვდრეთით,

ზეცად ამაღლდა, და ზის მარჯვენით ღვთისა მამისა ყოვლისმპყრობელისა:

იქიდან მომავალ არს განსჯად ცოცხალთა და მკვდართა.

მრწამს სული წმიდა,

წმიდა კათოლიკე ეკლესია, წმიდათა წილდებულობა.

ცოდვათა შენდობა,

ხორცით აღდგომა,

საუკუნო ცხოვრება.

ამინ.

ნიკეა-კონსტანტინეპოლის სიმბოლო

მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისამპყრობელი, შემოქმედი ცისა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა,

და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ღმერთი ღვთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლისაგან შეიქმნა ყოველი,

რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა და განკაცნა.

და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეფლა.

აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა,

და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა,

და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა,რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველმოყოფელი, რომელი მამისა და ძისაგან გამოვალს. მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ,

ერთი წმიდა სამოციქულო კათოლიკე ეკლესია.

ვაღიარებ ერთსა ნათლისღებასა მისატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკვდრეთით

და ცხოვრებასა მერმისისა მის საუკუნისასა.

ამინ.

ჩვენ გვწამს

თითოეული ეკლესიის ვალდებულებაა მისცეს თავის წევრებს რწმენის აღსარება (ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც არაორაზროვნად არის გადმოცემული ეკლესიის სწავლება). თითოეულ ქრისტიანს, რომელ კონფესიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, აქვს უფლება, იცოდეს მისი ეკლესიის მოძღვრება და ის, თუ როგორ ასაბუთებს ამ მოძღვრებას ეკლესია.

ჩვენ გვწამს … მთელი ბიბლია არის ღვთივსულიერი და აბსოლუტური ავტორიტეტი რწმენისა და ქცევის საკითხებში.

2ტიმ. 3:16-17; 2პეტრ. 1:19-21

ჩვენ გვწამს … არის წმიდა, ერთარსი, განუყოფელი, სამპიროვანი ღმერთი: მამა, ძე და სულიწმიდა.

1იოან. 5:7; 2კორ. 13:13

ჩვენ გვწამს … ადამიანი შექმნისას იყო მართალი და უცოდველი, მაგრამ ურჩობის გამო დაკარგა სიმართლე და გახდა ცოდვილი, რის გამოც მას სჭირდება ხსნა.

ეკლ. 7:29; რომ. 5:12

ჩვენ გვწამს … ღმერთმა განიზრახა ადამიანის გადარჩენა, წმიდა სამების მეორე პირი იესო ქრისტე, ღმერთის ძე მოვიდა ამ ქვეყნად, როგორც ქვეყნიერების მხსნელი, ჯვარს ეცვა ადამიანთა ცოდვებისთვის, მკვდრეთით აღდგა, ზეცად ამაღლდა და კვლავ მოვა ეკლესიისთვის და მარადიული განკითხვისთვის.

იოან. 3:16; 1კორ. 15:3,4; საქმე. 1:9-11; საქმე. 17:31

ჩვენ გვწამს … ადამიანი გადარჩება მადლით, ქრისტეს გულისთვის, რწმენის საშუალებით, საქმეებისგან დამოუკიდებლად.

რომ. 3:20-24; ეფ. 2:8-9

ჩვენ გვწამს … იესო ქრისტეს რწმენა ცვლის ადამიანის გულს, ანახლებს მის ცხოვრებას და წარმოშობს მასში კეთილ საქმეებს ღვთის სადიდებლად.

2კორ. 5:17; იოან. 3:3-6

ჩვენ გვწამს … წყლით ნათლობა არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ. ყოველმა, ვისაც სწამს იესო ქრისტე, უნდა აღიაროს საჯაროდ თავისი რწმენა წყლით ნათლობის საშუალებით.

მათ. 28:19; მარკ. 16:15,16

ჩვენ გვწამს … ზიარება არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ. ზიარება უნდა სრულდებოდეს ეკლესიაში წუთისოფლის აღსასრულამდე, როგორც გახსენება უფალ იესოს ჯვარზე სიკვდილისა ადამიანთა ცოდვებისთვის.

მათ. 26:26-28; 1კორ. 11:23-26

ჩვენ გვწამს … სულიწმიდა არის წმიდა სამების მესამე პირი, რომელიც რჩება იესო ქრისტეს მორწმუნესთან და ავლენს თავს თავისი ნაყოფებითა და ნიჭებით. სულიწმიდით ნათლობა არის ძალა მაღლიდან, რომელიც ეკუთვნის ყველა მორწმუნეს.

იოან. 14:16,17; 1კორ. 12:1-2, 14:1; გალ. 5:22,23; საქმე. 1:8, 2:1-4

ჩვენ გვწამს … ყველა ქრისტიანის ვალდებულება არის რეგულარული მოზიარეობა ერთმანეთთან, როგორც, პირველ რიგში, ადგილობრივი ეკლესიის, ასევე მსოფლიოს ქრისტიანებთან.

ებრ. 10:25; ეფ. 3:18

ჩვენ გვწამს … საერო ხელისუფლება არის ღმერთის მიერ დაფუძნებული ინსტიტუტი. აუცილებელია ხელისუფალთა და მთავრობათა მხარდაჭერა ლოცვით, ამასთან, მათდამი მორჩილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას.

1პეტრ. 2:13-17; რომ. 13:1-7

ჩვენ გვწამს … ეკლესიის უდიდესი პასუხისმგებლობა არის მახარებლობა. იესო ქრისტემ დაავალა ეკლესიას სახარების ქადაგება ყოველი ქმნილებისთვის.

მათ. 28:19; მარ. 16:15