სიტყვა ნათლობაზე

“ნათლობა არის ახალი აღთქმის საიდუმლოება, დადგენილი იესო ქრისტეს მიერ და წარმოადგენს არა მარტო მონათლულის საზეიმო შესვლას ხილულ ეკლესიაში, არამედ, აგრეთვე არის მისთვის ნიშანი და ბეჭედი მადლის აღთქმისა, მისი შეერთებისა ქრისტესთან, ხელახლა შობისა, ცოდვათა მიტევებისა, ღმერთისთვის მიძღვნისა იესო ქრისტეს მეოხებით, რათა იაროს განახლებული სიცოცხლის ბილიკებით; ქრისტეს მიერ დადგენილი ეს საიდუმლოება უნდა სრულდებოდეს მის ეკლესიაში წუთისოფლის აღსასრულამდე.”

ვესტმინსტერის აღსარება, თავი 28

1647-1648 წწ.

შეკითხვა 1: ვინ უნდა მოინათლოს?

პასუხი: უნდა მოინათლოს ის, ვისაც მთელი გულით სწამს იესო ქრისტე.

საქმე. 8:35-37

35 გახსნა ფილიპემ ბაგეები, დაიწყო ამ წერილით და ახარა იესოს შესახებ.

36 როცა გზა განაგრძეს, მიადგნენ ერთ წყალს და თქვა საჭურისმა: “აჰა, წყალი. რა მაბრკოლებს რომ მოვინათლო?”

37 უთხრა მას ფილიპემ: “თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება.” მიუგო და უთხრა მან: “მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.

შეკითხვა 2: რატომ უნდა მოინათლო?

პასუხი: იმიტომ უნდა მოვინათლო, რომ უფალმა იესო ქრისტემ გვიბრძანა ნათლობა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნათლობა არის მცნება და ღვთის დადგენილება, რათა არ შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ნათლობა არის ღვთაებრივი საქმე და არა ადამიანის მიერ გამოგონილი. ახალი აღთქმის წიგნებში ჩვენ ნათლად ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ქრისტეს პირველი მოწაფეები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ ამ მსახურებას (ანუ ნათლობის მსახურებას). პირველსამოციქულო ეკლესიაში ქრისტეს მცნება ნათლობის შესახებ განუხრელად სრულდებოდა. ხოლო ის, რაც ხდებოდა პირველსამოციქულო ეკლესიაში არის ჩვენთვის, დღევანდელი ეკლესიისათვის ნიმუში და სავალდებულო ძალის მქონე, როგორც წერია ეფეს. 2:20, რომ “ჩვენ დაშენებულნი ვართ მოციქულთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი”. საჭიროა ვიცოდეთ, რომ წყლით ნათლობა არის ქრისტეს მიმართ ჩვენი მოქცევის შემადგენელი. ნათლობით ჩვენ ვაგვირგვინებთ ჩვენ მოქცევას და ვავლენთ მორჩილებას ღვთის წინაშე. ამგვარად, წყლით ნათლობა ჩვენ გვხდის ნამდვილ მორწმუნეებად.

მათ. 28:18-19

18 მივიდა იესო მათთან (მოციქულებთან) და უთხრა: “მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე.

19 ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით.

შეკითხვა 3: როდის უნდა მოინათლო?

პასუხი: სინანული და რწმენა წინ უსწრებს ნათლობას. უნდა მოვინათლო მას შემდეგ, როცა მოვინანიებ ჩემს ცოდვებს, მივიღებ გადარჩენას მადლით (უსასყიდლოდ) რწმენის მეშვეობით და მექნება მტკიცე დარწმუნება გულში, რომ მე მიხსნა ღმერთმა.

საქმე. 2:38

38 …“მოინანიეთ და ყოველი თგვენგანი მოინათლოს“…

მარკ. 16:15,16

15 უთხრა მათ: “მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.

16 ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება“.

ეფეს. 2:8-9

8 …მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია,

9 არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს.

1 იოან. 5:10-11,13

10 ღვთის ძის მორწმუნეს თავის თავშივე აქვს მოწმობა…

11 ეს არის მოწმობა, რომ ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია.

13 ეს მოგწერეთ თქვენ, ღვთის ძის სახელის მორწმუნეებს, რათა იცოდეთ, რომ გაქვთ საუკუნო სიცოცხლე.

შეკითხვა 4: რა არის ნათლობა?

პასუხი: ნათლობა არის ნიშანი ჩვენი ქრისტესთან შეერთებისა, ჩვენი რწმენის საჯარო დადასტურება. ნათლობა განასახიერებს ჩვენს სიკვდილს ქრისტესთან ერთად, მასთან დამარხვას და მასთან აღდგომას ახალი სიცოცხლისათვის. ამასთან ნათლობით ჩვენ ვუერთდებით ქრისტეს ეკლესიას, რომელიც საღვთო წერილში ქრისტეს სხეულად არის წოდებული და ვხდებით ამ სხეულის განუყოფელი ნაწილი.

რომ. 6:3-4

3 ნუთუ არ იცით, რომ ყველანი, ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ?

4 ამიტომ დავიმარხეთ მასთან ერთად სიკვდილში ნათლისღებით, რათა, როგორც მამის დიდებით მკვდრეთით აღდგა ქრისტე, ჩვენც ვიაროთ სიცოცხლის განახლებით.

1 კორ. 12:13

13 …ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად…

1 კორ. 12:27

27 თქვენ კი (მოციქული პავლე მიმართავს ქრისტეს მორწმუნეებს რომლებიც მონათლულები იყვნენ) ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალ-ცალკე – მისი ასოები.

შეკითხვა 5: როგორ და სად უნდა მოინათლო?

პასუხი: ნათლობა უნდა შესრულდეს წყალში სრული შთაფვლით მამის და ძის და სულიწმიდის სახელით. სიტყვა ნათლობა ძვ. ბერძნულიდან (რომელ ენაზეც დაიწერა ახალი აღთქმის წიგნები) ნიშნავს, ჩაშვებას, ჩაძირვას, ჩაყვინთვას, ჩაფვლას; სწორედ ასეთნაირად ასრულებდნენ ნათლობას ქრისტეს პირველი მოწაფეები.

საქმე. 8:38-39

38 და უბრძანა ეტლი გაეჩერებინათ და ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპე და საჭურისი, და მონათლა (ჩაუშვა) იგი.

39 როცა წყლიდან ამოვიდნენ…